თეგი: ლია ელიავა

რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში

ლარის გამყარების ტრენდი, კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა. შეიცავს თუ არა რისკებს ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები და რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის დადებით ტრენდს სამომხმარებლო ფასებზე? Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა აცხადებს, რომ ლარის გამყარების ფაქტორები სამომავლოდ რისკის შემცველია. გამოცემასთან მან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა.  EU: დღეს, თიბისი ბანკის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რამდენად გრძელვადიანია ლარის დადებითი ტრენდი? ლარის გამყარებაზე, დღეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: პირველი - ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი შემცირება და მეორეა ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა. ინვესტიციების შემცირების შედეგად, საქართველოდან ფულის გადინება მკვეთრადაა დავარდნილი. ლარის გამყარება პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან და უკრაინიდან „კაპიტალის გაქცევას“. უკრაინაში  რუსეთის შეჭრის ფონზე ამ ქვეყნებიდან საქართველოსკენ ფულის სოლიდური ნაკადები წამოვიდა. რუსეთიდან დაშვებული იყო უცხო ქვეყანაში თვეში $10 ათასის გადმორიცხვა, ახლა ეს მოცულობა $50-მდე გაიზარდა. ამიტომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ლარის კურსზე მყისიერად აისახა. EU: ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300%-ი გაიზარდა და $133 მილიონი შეადგინა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს? თუ რუსეთი თავის მოქალაქეებს აუკრძალავს უცხოეთში ვალუტის გადარიცხვას, ლარი დაიწყებს ვარდნას. მაგრამ, თუ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება რუსი და უკრაინელ ბიზნესმენებისთვის, კაპიტალის ნაკადი გაიზრდება და რა თქმა უნდა, ლარი დაიწყებს გამყარებას. სამწუხაროდ, დღეს სახეზეა ტენდენცია, რომ ლარის გამყარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნაცვლად ფულადი გზავნილები მოქმედებს. ამიტომ, ლარის გამყარების ფაქტორებში სამომავლოდ „კაპიტალის გაქცევის“ რისკები იმალება.  ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა EU: როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა დღეს გამოკვეთილი ტენდენცია სხვა რისკებს სამომავლოდ, როცა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ ქვეყნიდან დაიწყო სამუშაო ძალის და კაპიტალის გადინება. გაუთვალისწინებელი ეკონომიკური შედეგების გავლენით, შესაძლებელია, დაიწყოს ქვეყანაში უკვე შემოსული კაპიტალის გადინება, რუსეთსა და უკრაინაში. ცნობილია, რომ ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. დასრულდება ომი და თუ საქართველოში შემოსული კაპიტალი ისევ ამ ქვეყნებისკენ დაიძრა, დაიწყება ლარის კატასტროფული ვარდნა. ეს სცენარი ნამდვილად არ გამოირიცხება. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა EU: ბოლო ტენდენციით სახეზეა ლარის 15%-იანი გამყარება. საქსტატის აპრილის მონაცემებით ინფლაცია 12,4%-ია და განსაკუთრებით გაზრდილია ფასები საკვების ჯგუფში. რატომ არ იაფდება პროდუქტები და არ აისახება ფასებზე ლარის კურსის დადებითი დინამიკა? ფასებს აქვს ერთი დამახასიათებელი თვისება - სიხისტე, არაელასტიურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ აწეული ფასი აღარ ან საკმაოდ რთულად უბრუნდება თავის ძველ ნიშნულს. იმიტომ, რომ ბიზნესს აღარ სურს უკვე განაღდებული შემოსავლების დაკარგვა. ის რომ, ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს და ფასები შემცირდება, ამ რეალობაში ეს მოსალოდნელი არაა. ამ პროცესების საპირწონედ სჯობს ხელისუფლებამ გაზარდოს როგორც სახელფასო, ისე სოციალური დახმარებები და ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს, ეკონომიკაში ლარის მასის ზრდაზე. ამ ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება ფასების ზრდის [ინფლაციის] წნეხის შერბილება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა EU: დღეს მერყევი ლარის გარდა, კიდევ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა საქართველოში ფასების განუხრელ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკისა და ბაზრის იმპორტდამოკიდებულება. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. [2022 წლის იანვარ-აპრილი, ბრუნვა $559,7 მილიონი]. სანქციების გავლენის გამო საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი გაძვირდა. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მოიშალა მიწოდების ქსელი. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. დღეს ფაქტობრივად ყველა მოწინავე ეკონომისტი თანხმდება, რომ ინფლაცია არის არაა ფულის ჭარბი ოდენობის, არამედ სასაქონლო დეფიციტის შედეგი და საქართველოში სწორედ ამითაა განპირობებული ინფლაციის ზრდა, რადგან სამომხმარებლო კალათაში ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები ხვდება. ასევე წაიკითხეთ Europetime-ს სტატია - რატომ მყარდება ლარი

რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით კი, ორნიშნა ინფლაცია 2023 წლის თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს თანდათან დაუბრუნდება. რა იწვევს მაღალ ინფლაციასა და მზარდ ფასებს, საქართველოს ბაზარზე? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს სპეციალისტები ნაწილობრივ ეთანხმებიან და ორნიშნა ინლაციის გამომწვევ სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ.  Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა მზარდი ინფლაციის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. „პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი და რადგან იქ არის მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, საქართველოში განხორციელებულ იმპორტზე აისახება. მეორე ფაქტორია, გაურკვევლობა ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რომლებიც ამ პირობებში ცდილობენ თავისი ფინანსების მომავალი დანაკარგებისაგან დაზღვევას და აძვირებენ სამომხმარებლო პროდუქციას“, - აცხადებს ელიავა. ამასთან, ელიავა, 2022 წელს ინფლაციაში ლარის კურსის ფაქტორს გამორიცხავს. „ლარის მერყევი კურსი, რომელიც ყოველთვის იყო ინფლაციის მამოძრავებელი, ახლა გამოირიცხება. უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ფონზე, ლარი გამყარდა. ამიტომ, ინფლაციაზე გავლენას ძირითადად ის ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც დავასახელე“. მისივე თქმით, ინფლაცია, დღეს მთელ მსოფლიოში მწვავე საკითხია. „ამ პრობლემას ვერ უმკლავდება ვერც ევროპა და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა იქ ინფლაციას აქვს კონკრეტული მიზეზი - ესაა ენერგორესურსების პრობლემები“. ეკონომიკის დოქტორი აღნიშნავს, რომ ინფლაცია საკმაოდ მძიმე გამოწვევაა საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობისთვის. „ეს იმ ფონზე, როცა  ფასების ზრდას, არ სდევს შემოსავლების ზრდა“, - ამბობს ელიავა.  Europetime-თან ინტერვიუში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთი მთავარია საწვავზე არსებული მაღალი ფასები, „რასაც ეროვნული ბანკი ფუნდამენტურ მიზეზად არ ასახელებს“. „საწვავი რომ არ იყოს ასე ძვირი, ვფიქრობ ინფლაცია არ იქნებოდა ორნიშნა. გაძვირებული საწვავი ბევრ სხვა ფაქტორზე ახდენს გავლენას“, - აღნიშნავს შენგელია. ამასთან, ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაცია და სასურსათო პროდუქციის გაძვირება, გარკვეულწილად, ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამაც განაპირობა. „რუსეთიდან და ბელორუსიდან ჭარბი მიგრაციის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად იმპორტია გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეული და სურსათი, რაც მეტწილად უცხოეთიდან შემოდის. ჩვენს პირველ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ინფლაცია 83%-ს გადასცდა, ხოლო რუსეთში, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ინფლაცია 14-15%-ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, წნეხს საქართველოში, ინფლაციაზე ესეც აძლიერებს“, - აღნიშნავს შენგელია. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა, „ვითარება დამძიმდება, რადგან, ჩნდება სოციალური აფეთქების საფრთხე“. ეკონომიკის დოქტორი, არსებული ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ზრდაში ხედავს, „რასაც სესხებზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს“. „იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მიზეზი არაა მონეტარული ფაქტორები, ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ მცირე 3%-ით მაინც უნდა დასწიოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - აღნიშნავს შენგელია. როგორ იცვლებოდა ინფლაცია 2022 წელს თვეების მიხედვით, საქსტატის მონაცემები ასეთია: იანვარი - 13,9%; თებერვალი - 13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12,8%; მაისი - 13,3%; ივნისი - 12,8%; ივლისი - 11,5%; აგვისტო - 10,9%; სექტემბერი - 11,5%; საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის ინფლაციაში 17,6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები პირველია. შემდეგ ყველაზე მეტად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა - 15,7%. შემდეგ ტრანსპორტი - 14,1%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 12.2%. რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე